2011-04-06

ქართველთა რელიგიური წარმოდგენები

არმაზი



არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. III ს.). არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმედგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ( IV ს.-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქდა



ბარბალე

ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებსს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები - საერთო ქართული - ბარბარე/ბაბალე და სვანური - ბაბარი/ბარბალი/ბარბოლი) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან bibbirru - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება. ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია.ბარბალეს ეს თვისებები ჰგავს შავი ზღვის პირეთში გავრცელებული ”დედა ღვთაების” კულტს.



ბოჩი


ქართველთა ძველი წარმართული ღვთაება. პირველად წერილობით ძეგლებში ექვთიმე მთაწმინდელთან გვხვდება. ი. ჯავახიშვილის აზრით, სახელი ბოჩი ოჩს და ვოჩს (მამალ თხას - ვაცს) უკავშირდება და ნადირთ მფარველი ან მისი მსგავსი ღვთაების სახელია. ვ. ბარდაველიძეს ოჩი||, ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებად მიაჩნდა. ახალი ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ბოჩი მოსავლიანობის მფარველი ღვთაებაც უნდა ყოფილიყო.


ოჩოკოჩი

ქართულ მითოლოგიაში ტყის ღვთაება. გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. მას გრძელი და ბასრი ბრჭყალები აქვს, მკერდზე კი ნაჯახის მსგავსი წანაზარდი, რომლითაც იგი მის მოწინააღმდეგეს შუაზე ჭრის. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს. «

ხალხური ნაამბობი ოჩოკოჩი დიდია და ბანჯგვლიანი, მკერდზე ორი რქა აქვს გამოშვერილი. ტყეში მიუვალ ადგილებში ცხოვრობს. ღამით თუ ტყეში ძლიერი "ვოო!!" ღრიალი გაისმა - ეს ოჩოკოჩია ნამდვილად. ოჩოკოჩი მწყემსთან მიდის, ცეცხლზე თბება (მთქმელი მ.სიჭინავა 70 წლის, სოფ. ლესიჭინე, ჩხოროწყუს რაიონი) ერთხელ ძროხებს ვმწყემსავდი. ღამით ჩემი ამხანაგები დაკარგული ძროხის საძებნელად წავიდნენ და მარტო დავრჩი კარავში. უცბად რაღაცნაირი - "ვოოს" ძახილი მომესმა. მივხვდი ოჩოკოჩი რომ იყო. შევშინდი და კუთხებში ძროხებთან დავიმალე. კარი გაიღო და ოჩოკოჩი შემოვიდა. საჭმელი შეჭამა და წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ვიღაცამ დამიძახა: "ცეცხლი გინთიაო!" და ოჩოკოჩი ისევ შემოვიდა. ისიც მიუჯდა ცეცხლს, გაითბო ტანი და წავიდა. ოჩოკოჩის ეშვები აქვს (მთქმელი ბ.მალანია 70 წლის, სოფ. ჩხოროწყუს)


ოჩოპინტრე



ქართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველი. მისი სახელის პირველი ნაწილი (ოჩო), ქართული პანთეონის სხვა ღვთაებას - ბოჩის უკავშირდება, ხოლო მეორე ნაწილი (პინტე, პინტრე) - ბერძნულ პანს. ოჩოპინტრე თითოეული ცხოველის სულს ფლობს. მონადირე სანადიროდ წასვლამდე (და ნადირობისას) ოჩოპინტრეს ევედრება იღბალს და ნადირის მოკვლის ნებართვას



ზადენი

ქართულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქრისტიანობის გავრცელებამდე. ხელნაწერთა ტრადიციის მიხედვით ზადენის კულტი მეფე ფარნაჯომმა შემოიღო ძვ. წ. II საუკუნის პირველ ნახევარში. ხელნაწერი ზადენის სახელს მცხეთის ახლოს ზადენის ციხის სახელწოდებასთან აკავშირებს. მეცნიერული ტრადიციის თანახმად, ზადენის სახელი კავშირშია ირანულ yazadan-თან (კეთილი სულების რანგი). ზადენს (არმაზთან ერთად) თაყვანს სცემდნენ, როგორც უხვი მოსავლის მომყვან ღმერთს და სამყაროს ერთმპყრობელს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ზადენის კულტი გაუქმდა. ზადენი(სოფელი) სოფლის სახელად გვხვდება სამხრეთ საქართველოშიც



გაცი და გაიმი


ქართული მითოლოგიის ღვთაებები, რომლებსაც ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ თაყვანს. კერპები ქართველებს თავიანთი პირვანდელი სამშობლოდან არიან-ქართლიდან მოუტანიათ. გაცზე და გაიმზე ცნობები მხოლოდ ხელნაწერებშია შემონახული. ამ ხელნაწერების თანახმად, გაცის ოქროს კერპი და გაიმის (გას) ვერცხლის კერპი არმაზის და ქართული წარმართული პანთეონის სხვა ღვთაებების კერპების გვერდით იდგა არმაზის მთაზე, რომებიც ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი “ყველაზე იდუმალის გამგეებად” მოიხსენიება.



დალი


დალი — ქართულ მითოლოგიაში ნადირობის ქალღმერთი, ველური ცხოველების მფარველი. საქართველოს მთიანეთში (უმეტესად სვანეთში) გავრცელებული გადმოცემების თანახმად, დალის გარეგნობა მზეთუნახავის გარეგნობას წააგავს. დალი მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმები. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის სახით. მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს, დალი ეხმარება ნადირობაში მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს. ამ პირობის დამრღვევი მონადირე აუცილებლად იღუპება. დალის და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ამირანი.

No comments:

Post a Comment